ლიკა კვირიკაშვილი უკვე ხუთი წელია, წიგნის ილუსტრირებით არის დაკავებული და უცხოურ ბაზარზე ძალიან წარმატებულად საქმიანობს. არაერთ ბესტსელერზე უმუშავია და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მის საქმიანობას სკეპტიკურად უყურებდნენ, მიღწეული წარმატებით ყველას დაუმტკიცა, რომ ცდა ყოველთვის ღირს.
ლიკა კვირიკაშვილი: ბავშვობიდან ვხატავ, პირველივე კლასიდან ვიცოდი, რომ სამხატვრო აკადემიაში ვისწავლიდი. მამა და ბიძა მხატვრები არიან, ასე რომ, მე ოჯახში მესამე ვარ. მეცხრე კლასიდან პროფესიულ კოლეჯში გადავედი დიზაინის განხრით და საშუალო დონეზე შევისწავლე ფერწერა და გრაფიკა. ამის შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და ოთხი წელი მოდის დიზაინს ვსწავლობდი, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებულად მომწონდა წიგნის ილუტრირება. ლექტორმა მითხრა, წიგნის ილუსტრირებაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევ, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეო. მომწონდა ეს ყველაფერი და ვგრძნობდი, რომ პოტენციალიც მქონდა. სტუდენტს, რომელიც მოდელირებაზე სწავლობს, სპეციფიკური ხელი აქვს და მისთვის რთულია ილუსტრაციის ხატვა, მე ეს შემეძლო. გადავწყვიტე, მეცადა და აკადემიის დამთავრების შემდეგ „ჯიპას“ სარეკლამო-გრაფიკული დიზაინის კურსებზე გრაფიკული პროგრამების შესწავლა დავიწყე. ამის შემდეგ ილუსტრაციის შექმნა ვცადე და პირველივე ჯერზე ძალიან კარგად რომ გამოვიდა, მივხვდი, რა მიმართულებით წავიდოდი. მინდოდა,
საქართველოში ილუსტრატორად დამეწყო მუშაობა, მაგრამ გარკვეულ სირთულეებს შევეჯახე. ყველას გამოცდილი კადრი უნდოდა და რამდენიმე უშედეგო გასაუბრების შემდეგ, მეგობარმა მირჩია, რომ ფრილანსერულ საიტებზე დავრეგისტრირებულიყავი. მართლაც, ჩემი პორტფოლიო განვათავსე. თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ ბევრმა მითხრა, შენ ძალიან გაგიმართლაო, რადგან პირველი პროექტი დარეგისტრირებიდან ორ კვირაში შემიკვეთეს. მთავარი პირველი შეკვეთა და შესრულებულ სამუშაოზე დადებითი შეფასების მიღებაა, მერე უკვე ყველაფერი მარტივად ხდება. იზრდება რეიტინგი და გაყიდვების რაოდენობა. რამდენიმე დღეში მოიმატა შემოთავაზებებმა, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც არასერიოზულად ვუყურებდი, იმიტომ რომ ჩემს გარშემო არავის ვიცნობდი ისეთს, ვინც ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად მუშაობდა. არც ოჯახი აღიქვმდა ამას სერიოზულად და არც მე, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, მოდი, ესეც იყოს-მეთქი და პარალელურად, აქ ვეძებდი სტაბილურ სამსახურს. ეს დამატებითი შემოსავლის წყაროდ წარმოვიდგინე. თუმცა ისე გამოვიდა, რომ შვიდი-რვა საათის განმავლობაში ვიჯექი კომპიუტერთან და ვმუშაობდი. იმდენი სამუშაო მქონდა, ვეღარ ავუდიოდი და არც სივის გაგზავნის დრო მრჩებოდა და მით უმეტეს, არც გასაუბრებებზე სიარულის. მივხვდი, რომ სამსახური უკვე მქონდა და შემოსავალიც სტაბილური გახდა. თავიდან ყველა ძალიან სკეპტიკურად
უყურებდა ამ ამბავს და სამსახურად ვერ აღიქვამდნენ, მაგრამ, როცა პირველი ნაბეჭდი წიგნი ხელში დაიჭირეს, დაიჯერეს. პირველი წიგნი 2013 წელს გერმანიაში დაიბეჭდა. ზუსტად მახსოვს ის დღე, მწერალმა რომ ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი გამომიგზავნა. წიგნის ფურცლებზე ჩემი ნახატები რომ დავინახე სასწაული შეგრძნება დამეუფლა. უკვე ხუთი წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული.
გაგრძელება აქ: http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268453803